Tuesday, 4 December 2007
TGV Nantes - Quimper
ცხოვრების საშუალო სიმაღლე, თვალებში ღრმად ყურება და მატარებლის ჩუმი სიგნალი. აბსტრაქტული სამყარო სულმოუთქმელად სუნთქავს და დაეძებს წყალს რომელიც ონკანში არასოდეს ჩამოწვეთავს, რატომ ? ჭეშმარიტი წვეთები რკინას არასოდეს ეხეიან.
ვხდავ, ხედავ, ხედავს, ვხდავთ, ხედავთ, ხედავენ. გასუქებული ექიმის აზრების კითხვა, მამაცია ეს წვეთიც. უსასრულოდ თეთრი და შავსახურავიანი სახლები მიყურებენ.
შემდეგი ზმნა უნდა ვაუღლო : ვწვეთავ, წვეთავ, წვეთავს, ვწვეთავ, წვეთავთ, წვეთავენ. ნუთუ არაფერი შემშლია მშობლიურ ენაზე ბუტბუტისას ?
ისტორიული გზა სოფლისკენ, დამახსოვრებული ყველა მოსახვვი და გაჩერება, პროვინციული ალალი და გულურყვილო გამოხედვა და ხის ჩარჩოში სათუთად ჩასმული აზრები. ადგილი იპოვა ვაგონში, მერე ცხოვრებაშიც და კოკა-კოლას რეკლამას გასცქერის. მე გათხოვებთ ჩემს ოჭივარას რომ კიდევ გაზარდოთ ბავშვები.
ზმნა შემდეგი, გაკვეთილი მეორე, გავიმეოროთ წარსულის ზმნები : ვსუნთქავ, სუნთქავ, სუნთქავს, ვსუნთქავთ, სუნთქავთ, სუნთქავენ. მახსენდება ბავშვობა და მეგობარი რომელი ყოველთვის დასცინოდა ჯერ ისევ ქალაქში არაინტეგრირებულ ახალგაზრდებს და შემდეგი ზმნის მხოლოდ რჩეული და იუმორისმომგვრელი ფორმა :
‘მოდილარიან’
‘Ce train est à destination de QUIMPER’ – აი ამ წამს ამ სიტყვებს ვკითხულობ მორბენალ სტრიქონზე.
ნუთუ დროის წამობრივი, წუთობრივი, საათობრივი, დღიური, თვიური, წლიური, საუკუნოებრივი აღქმა სამართლიანია ? და ჩვენ მაინც ვემორჩილებით ისე შეუცნობლად და ვიცით რომ დაბადებიდან 22 ან უკეთეს შემთხვევაში 92 წლის შემდეგ წავიშლებით, მაგრამ დღეებს და თვეებს ნაკლებად ვითვლით.
გაკვეთილი შემდეგი და ზმნები უკვე მარტო აღარ არიან :
გითბობდი ხელებს, უთბობდი ხელებს, უთბობდა ხელებს, ვუთბობდით ხელებს, უთბობდით ხელებს, უთბობდნენ ხელებს.
პატარა სადგურში დიდი მატარებლები არ აჩერებენ, ანალიზი განვლილი წუთების და დღიურში ჩაწერილი ყალბი ხუთიანი, ჩემი სკოლის კედლები ჯერ ისევ მოასწავებს რომ აქ სადღაც ახლოს კომუნიზმი ბუდობდა ან ისევ ბუდობს. ქვეყნის მეორე ქალაქის ახლადაშენებული გარეუბანი და საბჭოთა იმპერიის ბოლო ხველა, ბრონქიტი, მერე პლევმონია.
გაკვეთილი დაგვიანდა, ზმნა შემდეგი :
გიყურებ თვალებში, უყურებ თვალებში, უყურებს თვალებში, ვუყურებთ თვალებში, უყურებთ თვალებში, უყურებენ თვალებში. ჭაობი, ხიდი, ფოთოლგაცვენილი ხეები, ბოზი ველები, ღრუბლებსამოფარებული მზე და თვით სატყუარა ღრუბლები, ის რასაც ფანჯრდან ვხედავ და გამტიხრული ტბა.
ნაყინი ნაყიდი სიბერისაკენ მიმავალ გზაზე და საფეთქლების კაკუნი. სიზარმაცის მიერ მიწასთანგასწორებული პასუხისმგებლობა და იმპერიის ბოლო დახველება. ანარქია სკოლის კართან და პრონაციონალისტური გამოხტომები სხვა რაღა დაგვრჩენია საკუთარი ეგოს მოსაფხანად?
ზამთარში ბუდე ყველაზე კარგად ჩანს ისე როგორც ზაფხულში ქალის სხეული. ვუახლოვდები დანიშნულების ადგილს, პატარა ქალაქში მორიგი მატარებელი გაჩერდა.
გავჩერდი, გაჩერდი, გაჩერდა, გავჩერდით, გაჩერდით, გაჩერდნენ. . .
2006
მუსამპა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment